ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით, საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში ინიციატივა შეიტანა.
პროფკავშირების გაერთიანება ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის
დაწესებას, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის
ოდენობით ითხოვს, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით,
ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ 190,000-ზე მეტ
ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა, რადგან საქართველოში 636
ლარზე ნაკლები ხელფასი სწორედ ამ ოდენობის დასაქმებულს აქვს.
„ჩვენი ინიციატივა ეხება საქართველოს 192 ათას მოქალაქეს, რომელიც
სასოწარკვეთილია იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან, რომელიც
საქართველოშია დღეს.
მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო აღმასრულებელ
ხელისუფლებას, რომ შეადგინონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს
მოქალაქეებზე იქნება დაფუძნებული და მათ შორის, არის სწორედ ჩვენ მიერ
შეტანილი ინიციატივა, რომელსაც მყისიერი განხილვა სჭირდება,“ -
განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
საქართველოში მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით
დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ
საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის
მონაცემებით, საქართველოში 12,500 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500
ლარამდე ხელფასი - 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი -
190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით რიგით
მესამე ინიციატივაა, რომელიც პროფკავშირებს პარლამენტში შეაქვს.
მასალის გამოყენების პირობები