ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელებს შორის სასამართლო
დავა გრძელდება.
ამჯერად, მერიამ კაფის მეპატრონეებისგან ტერიტორიის დატოვება და 185
ათასი ლარის ოდენობის მიწის საიჯარო თანხის გადახდა მოითხოვა, რომელიც
როგორც მერიაში ,,სავანეს’’ მეპატრონეებს განუმარტეს, 2011 წლიდან არ
გადაუხდიათ.
მხარეებს შორის არსებულ დავაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
პროცესი 13 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
კაფის მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე გვიყვება, რომ ქუთაისის მერის
მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა დაიბარა და ტერიტორიის დატოვება
მოსთხოვა.
"დამიბარა მერის მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ
,,სავანე’’ და გვერდით არსებული საპირფარეშო უნდა დაინგრეს, ამ
ტერიტორიაზე კი ერთი დიდი ობიექტი უნდა აშენდეს. ასევე, მითხრა მიწის
ნაკვეთი, რომელზე კაფე და საპირფარეშოა განთავსებული, აუქციონზე უნდა
გავიტანოთო", - ამბობს ის.
რის მოწყობას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა "სავანეს" ადგილზე
და რამდენად აუცილებელია კაფის დემონტაჟი ? - მერიაში გვითხრეს,
რომ განმარტებას სასამართლო დავის დასრულების შემდეგ
გააკეთებენ.
კაფის მფლობელების თქმით, სანაყინე მათი ოჯახის საკუთრებაა, კერძო
საკუთრების ხელყოფის უფლება კი არავის აქვს.
ტერიტორია, რომელზეც კაფე ,,სავანე’’ არის განთავსებული,
მხარეებს შორის სასამართლო დავის შედეგად ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ 2018 წელს ადგილობრივ თვითმმართველობას
მიაკუთვნა.
შპს ,,ნიკოლომ’’ სანაყინე 1996 წელს შეისყიდა. მფლობელები ამბობენ,
რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს, რაშიც სოლიდური თანხა
გადაიხადეს.
გიორგი ტურაბელიძის განმარტებით, 1999 წელს, როცა სახელმწიფომ მიწის
კანონი მიიღო, რეესტრს სანაყინის ტერიტორიაზე არსებული მიწის
პრივატიზების თხოვნით მიმართეს, მაგრამ მიწა არ დაურეგისტირირეს და
2002 წელს დავა სასამართლოში დაიწყო. მოსამართლე დურმიშხან
ჟორჟოლიანმა შპს ,,ნიკოლოს’’ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა
მიწის დაკანონება შემდეგი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების
გამო ვერ მოხერხდა.
ამავე
თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები