წყალტუბოს სოფელ სორმონში, 250-მდე მკვიდრი წვიმას ელოდება,
იმისთვის რომ წყალი ჰქონდეს.
მოსახლეობა ათეულობით წლებია, სასმელ წყალს ქუთაისიდან
ეზიდება.
„ქუთაისიდან ვეზიდებით წყლებს. იქ ვიბანთ და ვრეცხავთ, მაგრამ ვისაც
ქალაქში ბინა არ აქვს, იმათ რა ქნას? ვერაფერი ვეღარ მოგვყავს
სოფელში, გაგვიხმა კიტრები და მწვანილები, მორწყვა ხომ უნდა?“ -
განმარტავს ადგილობრივი მზია ფურცხვანიძე.
„40 წლის გათხოვილი ვარ მე აქ, ჩემი მეუღლის წინაპარმა გამოიყვანა
წყალი თავისი სახსრებით, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა. წყარო
დამშრალია. მილები მოგვიტანეს, მაგრამ წყალი არ გვაქვს და რად გვინდა?
წვიმას ველოდებით, რომ ავავსოთ ჭურჭელი და მოვიმარაგოთ. არ არის
წვიმა, არაა წყალი“, - ამბობს ადგილობრივი ნანა გორგიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი წლებია დახმარებას წყალტუბოს მერიას
სთხოვენ. თუმცა, მათი თქმით, დაპირებების მეტი ვერაფერი
მიიღეს.
სოფელ სორმონში უწყლობასთან ერთად გადაადგილების პრობლემაც
არის.
„მესამე წელია არ დადის ტრანსპორტი. გუმათის მარშუტიდან რომ გადმოვალ,
ფეხით ამოვდივარ, 73 წლის ქალი, ორი ჩანთით ხელში ამ ტყეში. 8
კილომეტრი უნდა გაიარო, რომ წახვიდე და მოხვიდე. კვირაში ორი დღე
მაინც იყოს ტრანსპორტი და ერთი რეისი გააკეთოს“,- ამბობს თამარ
გაბრიჭიძე.
როდის მოუგვარდება მოსახლეობას წლების პრობლემა და წყალტუბოს კიდევ
რამდენ სოფელს არ მიეწოდება წყალი, აღნიშნულთან დაკავშირებით
პასუხების მისაღებად წყალტუბოს მერიაში ინფორმაციის წერილობით
გამოთხოვა მოგვთხოვეს, რასაც 10 სამუშაო დღე სჭირდება. რაც შეეხება
სოფელ სორმონის მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, გრიგოლ მაღლაფერიძეს
ტელეფონი გამორთული აქვს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ სორმონში მოსახლეობას არც მოწესრიგებული
ინფრასტრუქტურა ჰქონდა. მათი 30-წლიანი პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ
მოგვარდა, რაც საკითხით "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა. სააგენტოს მიერ
მასალის მომზადების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას
სოფლის შიდა გზა გაუკეთა.
მასალის გამოყენების პირობები