დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალი
ისევ ჩამოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის
თემურ ცამციშვილის თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა წვიმისას
აეროპორტი იტბორება.
„ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ ჩამოვიდა ქუთაისის აეროპორტში
წყალი. გახსოვთ, რომ პირველი შემთხვევის დროს აეროპორტის
ფუნქციონირება საერთოდ შეჩერდა, არადა ახალი ფლიგელის მშენებლობაზე
110 მილიონი ლარია დახარჯული“,- განმარტავს ცამციშვილი.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო აღნიშნული აეროპორტი
ქუთაისთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან რკინიგზით
დაეკავშირებინა.
„მაგრამ შეძლო და დაამგვანა ქუთაისს, რადგან ეს
აეროპორტი ქუთაისივით ყოველი წვიმის დროს იტბორება. ამიტომ,
მინდა პრემიერს მოვუწოდო, როდესაც ამერიკულ ტურნეს მორჩება,
დარწმუნებული ვარ, მამამისი, ტარიელი უარს არ ეტყვის და ერთ ჩარტერს
კიდევ დაუფინანსებს, ჩამოფრინდეს ქუთაისში და 2021 წელს თავისივე
გახსნილი აეროპორტი დაათვალიეროს, ნახოს რა ხდება, რატომ იტბორება
ყოველი წვიმის დროს“,- ამბობს თემურ
ცამციშვილი.
საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჩამოსვლის მიზეზის დასადგენად
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
"ჩამოფრების დარბაზში ერთ წერტილში ჩამოვიდა წყალი, დაგროვილი
იყო ალბათ ნალექის შედეგად და წვეთავდა. ყველა შესაბამისი სამსახურია
ადგილზე მობილიზებული, ველოდებით სამხარაულის დასკვნას, რომ გავიგოთ
რატომ და საიდან ჟონავს წყალი“,- განმარტავენ აეროპორტის
პრესცენტრში.
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე
წლის
ივლისშიც დაიტბორა. წყალი ასაფრენი სივრცის
დარბაზში ჩამოვიდა, ჩამონგრეული იყო ჭერის ფრაგმენტიც. აეროპორტში
შექმნილი პრობლემების გამო გადადებული იყო რეისებიც.
მასალის გამოყენების პირობები