ახალი ამბები
"აჩენს კორუფციულ რისკებს" - ქუთაისში, მე-9 სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაცია გააპროტესტეს
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ლელო - საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე მიქაუტაძემ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაცია გააპროტესტა.

მიქაუტაძის თქმით, სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ ეძლევათ ბავშვებს საშუალება, სასწავლო პროცესი საკუთარ შენობაში განაახლონ.

„ამ სკოლაში დაახლოებით 1200 მოსწავლეა. დიდი ზარზეიმით გამოცხადდა, რომ 2023 წლის სექტემბერში ბავშვებს ექნებოდათ სკოლაში მისვლის შესაძლებლობა, მაგრამ, როგორც ხედავთ, რეაბილიტაციის პროცესი შუა გზაშია და გაურკვეველია, როდის დასრულდება“,
- განმარტავს მიქაუტაძე.

ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კორუფციულ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი, ვინაიდან სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წელზე მეტია, გრძელდება.

„აღნიშნულს ვუკავშირებ დანაშაულებრივ გულგრილობას და მონიტორინგის არარსებობას, რადგან ვადები მუდმივად იცვლება, ამასთან, ხდება არსებული გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული თანხების გაზრდა რამდენიმე ათიათასი ლარით, რაც აჩენს კორუფციულ რისკებს“,- ამბობს პარტია „ლელოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ალექსანდრე მიქაუტაძე ობიექტის სარეაბილიტაციო პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს, შესაბამის უწყებებს კი ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებს.



ქუთაისის N9 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის აგვისტოში გამოცხადდა. სკოლის სამსართულიანი შენობის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი - შპს „დამბა“.

კომპანიას სკოლის კეთილმოწყობა 2 მილიონ 265 767 ლარის სანაცვლოდ დაევალა, თუმცა, როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, სკოლის სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დაიწყო, ვინაიდან მანამდე შენობაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. ამას დაერთო პანდემია და მისგან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვებიც.

მთავარი მიზეზი კი, რის გამოც სკოლის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, შენობის ერთ-ერთი ფრაგმენტის (რომელიც იყო შემდგომში ჩაშენებული და პრაქტიკულად არ გააჩნდა ფუნდამენტი) კედლის დეფორმაცია გახდა, ამიტომ მშენებლობა დროებით შეჩერდა.

შპს "დამბას" დირექტორის გიორგი ჯაბიძის თქმით, 2020 წლიდან დღემდე, ყველაზე მთავარი სამუშაო, რაც მუშებმა გასწიეს, დაზიანებული კედლის ადგილზე პრაქტიკულად ახალი შენობის ჩადგმა იყო. როგორც ჯაბიძე ჩვენთან განმარტავდა, ობიექტში მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაობი იყო დარჩენილი და ივლისში დასრულდებოდა, თუმცა ვადებმა ისევ გადაიწია და ხელშეკრულებაში შეტანილი ბოლო ცვლილების მიხედვით, 30 სექტემბერია მითითებული.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ქუთათელაძე ამბობს, რომ მოსწავლეები განახლებულ შენობაში ოქტომბერში დაბრუნდებიან.

მე-9 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. მათი ცნობით, პროცესი დასრულების ეტაპზეა.

უწყების ინფორმაციითვე, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ამასთან, სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში 1 170 მოსწავლე ირიცხება.


ამავე თემაზე:

"რემონტს ბოლო არ უჩანს" - რა ხდება ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობაში

ქუთაისის მე-9 და მე-14 სკოლების რეაბილიტაცია სრულდება - მგფ

ქუთაისის მე-9 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წელს, კვლავ სხვა სკოლების შენობებში განაახლებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.