გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ქვირითობის პერიოდში - 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით,
უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მათგან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის
უწყებებში გადაიგზავნა.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი -
72 ფაქტი იმერეთში გამოვლინდა, შემდეგ მცხეთა-მთიანეთში - 65, ქვემო
ქართლში - 47, კახეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, გურიაში -
17, აჭარაში - 14, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, შიდა ქართლში -
6, სამცხე-ჯავახეთში - 3.
ასევე 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის
კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. 1 მაისიდან 31 აგვისტოს
ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს.
"ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო
თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა: სახლართი ტიპის ბადე,
ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა
აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით
- 188, ე.წ. ჩოგან-ბადით - 22 და ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19
ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული
ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში,
უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის
მაის-აგვისტოში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში
ამოღებულია 3 760 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 8 მეტრი
სიგრძის მოსასმელი ბადე, 3 ერთეული ეკრან-ბადე, 2 ერთეული ჩოგან-ბადე
და 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის თევზმახე.
პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, შაორისა და
ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე, ასევე
მდინარეებზე - ალაზანი, მტკვარი, ნატანები, ჭოროხი, აჭარისწყალი და
ნატანები",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
განცხადებაში.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 499 ფაქტი
გამოავლინეს. მათგან 161 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის
უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები