საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ჩინეთი დღეს არის
მსოფლიოში მეორე ეკონომიკა.
„ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების,
მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს
ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი ჩინეთში. ამიტომ
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო
რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება
ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი, კიდევ უფრო მეტი ტურისტის
ჩამოსასვლელად საქართველოში“,- განმარტა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ
ტურისტებად ითვლებიან, ამიტომ იგეგმება რეისების დამატებაც.
„გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. მეტი
ტურისტი გვინდა რომ ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა
ქვეყნებიდანაც, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური
ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი
ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“,- განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები