ნიკეას სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ მრავალსულიან ოჯახს, რომლის
ერთადერთ შემოსავალს 620 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა
შეადგენდა, დახმარება შეუჩერეს.
უკვე ორი თვეა ხურციიძეებს სოცალური შემწეობა არ აუღიათ. მომატებული
სარეიტინგო ქულის მიზეზად სოციალურმა სააგენტომ ოჯახის მიერ ბინისთვის
შეძენილი ახალი ინვენტარი დაუსახელა.
მაკა ხურციძე, რომელიც საცხოვრისში შვილებთან, სიძესთან და
მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, ოჯახის მძიმე ეკონომიკურ
პირობებზე გვიყვება. მისი თქმით, ისედაც რთული სოციალური მდგომარეობის
ფონზე სოციალური შემწეობის მოხსნამ რვასულიანი ოჯახი თითქმის შიმშილის
ზღვრამდე მიიყვანა.
ხურციძეები 62 კვ. მ. ბინაში ცხოვრობენ. 8 ადამიანისთვის ეს
არასაკმარისი ფართია. ერთ ოთახში ხშირად რამდენიმე ადამიანს
სძინავს.
ოჯახს საკვები მადლიერების სახლიდან მოაქვს, თუმცა 8 ადამიანის
გამოსაკვებად ეს არაა საკმარისი. იძულებულნი არიან პროდუქტი
ნისიად შეიძინონ, მაგრამ როცა ვალის გასტუმრების დრო დგება,
ხურციძეებს ყველა რესურსი ამოწურული აქვთ, ამიტომ ვალს ვალზე
ამატებენ.
ვალებს კომუნალურებიც ემატება, რომლის გადახდაც ასევე უჭირთ. ახლა
ელექტროენერგიის 50 ლარი აქვთ დასაფარი, რომელსაც არ იციან როგორ
გადაიხდიან.
მაკას 3 მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს, მეოთხეს რამდენიმე თვეში
ელიან. მათგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. ბებიამ ჯერ არ იცის
გაუშვებს თუ არა შვილიშვილს სწავლის პირველ დღეს სკოლაში, რადგან
ბავშვისთვის ჯერჯერობით სასკოლო ტანსაცმელი არ შეუძენიათ.
"ჩემი სიძე ამჟამად სოფელშია და მეზობლებს ეხმარება, რაშიც მიზერულ
თანხას უხდიან. თუ ფულს იშოვის და გამომიგზავნის, შვილიშვილს
სკოლისთვის ტანსაცმელს ვუყიდით, თუ არადა, არ ვიცი რას ვიზამ.
მუდმივად ვალებში ვარ და ეს ცალკე პრობლემაა. 340 ლარი ვალი ერთ
მაღაზიაში მაქვს, 150 ლარი - მეორეში", - ამბობს მაკა ხურციძე.
რა გახდა ხურციძეების ოჯახისთვის სოციალური შემეწობის შეჩერების
საფუძველი?- ამ საკითხზე ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში
ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია
კონფიდენციალურია და მას მხოლოდ ოჯახის რომელიმე წევრზე გასცემენ.
მათივე ინფორმაციით, სარეიტინგო ქულა მთავრობის 758-ე დადგენილების
მიხედვით, ოჯახებისთვის დასმული კითხვების საფუძველზე დგინდება და
შევსებულ კითხვარს თან ოჯახის უფლებამოსილი პირის ხელმოწერაც
ახლავს.
მასალის გამოყენების პირობები