გურიაში, სოფელ ჯუმათში, მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი
იპოვეს, დაკარგული 2 პირის მიმართ კი საძიებო სამუშაოები კვლავ
გრძელდება.
შსს-ს ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო,
ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი,
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან
დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების
წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და
მიმდინარეობს სამუშაოები.
„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით,
საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია
საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები.
ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად
ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის
დასახმარებლად",- ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი
ავთანდილ თალაკვაძე.
შსს რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ
გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ
მოქალაქეებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ.
ფოტო: ირაკლი მშვიდობაძე
ამავე თემაზე:
მეწყერი გურიაში - სხვადასხვა სოფელში დაკარგულ
ადამიანებს ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები