ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წელს დაიწყო
და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ გრძელდება.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სამუშაოები ივლისში უნდა
დამთავრებულიყო, თუმცა, დასრულების თარიღმა 30 სექტემბრამდე ისევ
გადაიწია.
„რაღაც დამატებითი სამუშაოები გახდა საჭირო, ეზოს მოპირკეთება
ხდება ახლა, ლიფტს დაამონტაჟებენ, პატარა დეტალებია დარჩენილი. ამ
სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე განვაახლებთ ამ სასწავლო
წელს“,- ამბობს მეცხრე სკოლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი სოფიო ქუთათელაძე.
მისივე თქმით, ბავშვები სასწავლო წელს ისევ სხვა სკოლების შენობებში
დაიწყებენ. საუბარია 1 000-ზე მეტ მოსწავლეზე, რომლებიც წლებია,
ქალაქის ორ სხვადასხვა სკოლაში არიან გადანაწილებული.
“15 სექტემბერს იწყება სწავლა, მაგრამ ჩვენ ისევ მე-11 და
მე-12 სკოლაში ვიქნებით. მომდევნო თვეში, ოქტომბერში კი შევალთ ჩვენს
შენობაში“,- განმარტავს სოფიო ქუთათელაძე.
სკოლის საპირფარეშო
სკოლის დერეფანი
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი [NAT200012474]
2020 წლის აგვისტოში გამოცხადდა. სკოლის სამსართულიანი შენობის
რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ახორციელებს, სამუშაოებს კი - შპს „დამბა“. მხარეებს შორის
ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გაფორმდა.
კომპანიას სკოლის კეთილმოწყობა 2 მილიონ 265 767 ლარის სანაცვლოდ
დაევალა, თუმცა, როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, სკოლის სარემონტო
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ თვენახევრის შემდეგ
დაიწყო, ვინაიდან მანამდე შენობაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.
ამას დაერთო პანდემია და მისგან გამომდინარე გარკვეული
შეზღუდვებიც.
მთავარი მიზეზი კი, რის გამოც სკოლის რეაბილიტაცია დროში გაიწელა,
შენობის ერთ-ერთი ფრაგმენტის (რომელიც იყო შემდგომში ჩაშენებული და
პრაქტიკულად არ გააჩნდა ფუნდამენტი) კედლის დეფორმაცია გახდა, ამიტომ
მშენებლობა დროებით შეჩერდა.
2020 წლიდან დღემდე ყველაზე მთავარი სამუშაო, რაც მუშებმა გასწიეს,
დაზიანებული კედლის ადგილზე პრაქტიკულად ახალი შენობის ჩადგმა
იყო.
ამ ეტაპზე, როგორც მუნიციპალური განვითარების
ფონდში განმარტავენ, მე-9 საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
უწყების ცნობით, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები,
სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის,
წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ამასთან, სკოლის შენობა
ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში 1 170 მოსწავლე ირიცხება.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მე-9 და მე-14 სკოლების რეაბილიტაცია
სრულდება - მგფ
"რემონტს ბოლო არ უჩანს" - რა ხდება ქუთაისის N9
საჯარო სკოლის შენობაში
მასალის გამოყენების პირობები