ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იმერეთში უკანონო
ნადირობის 26 ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში უკანონო ნადირობის 97
ფაქტი გამოვლინდა, მათგან: მცხეთა-მთიანეთში - 30; იმერეთში - 26;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 11, შიდა ქართლში - 10, კახეთში - 7;
სამცხე-ჯავახეთში - 7; ქვემო ქართლში - 3; აჭარაში - 3.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის
ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში
სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და
ა.შ.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი)
ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის
განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი“,’’-ნათქვამია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკანონო ნადირობის ფაქტების
გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში
(მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან
გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს
მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153.
მასალის გამოყენების პირობები