ონის მერის სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო
სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ეძებენ კიდევ ორ ადამიანს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29
იდენტიფიცირებულია.
„საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები,
წითელი ჯვარი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ
მათგანს, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.
სამძებრო სამუშაოები, ამ დროისთვის, მიმდინარეობს როგორც უშუალოდ
სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართულია შსს-ს
შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური,
სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებში როგორც
ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
და, შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, - განმარტა ონის მერმა.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ
სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები