ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბესთან არსებული მწვანე სექტორის
განადგურების შემდეგ, სახელმწიფომ პერიმეტრის ნაწილი გასაყიდად
გაიტანა.
საუბარია სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე,
რომელიც მსხვილმერქნიანი კედრის ჯიშის ხეებით იყო დატვირთული.
დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც
თითქმის ასწლოვანი, 30-მდე კედრის ხე მოჭრეს, „აქტივების მართვისა და
განვითარების კომპანია“ (რომელიც ამ მიწის მფლობელია) აღნიშნულ მიწის
ნაკვეთს (190 კვ.მ.) 74 600 ლარად ყიდის.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამ პროცესში ბიზნესს ინტერესები
იკვეთება და ჯანმრთელი ხეების მოჭრა რომ ტერიტორიის "მოსუფთავების"
მიზნით მოხდა, მარტივად გამოსაცნობი იყო.
მათივე თქმით, ამ პროცესების უკან ხელისუფლება დგას, რომელთან
დაახლოებული ბიზნესების ინტერესთა დაკმაყოფილებაც აპრობირებული
პრაქტიკაა. ამ ტერიტორიის შეძენა კი, სავარაუდოდ, „ქუთაისი ინნ“-ს
სურს.
„ელექტრონული აუქციონია გამოცხადებული სახელმწიფოს მიერ და
უკვე სარეალიზაციოდაა გატანილი პერიმეტრის ნაწილი. ეს არის კიდევ ერთი
მტკიცებულება იმისა, რომ არანაირი სხვა მიზეზი, გარდა ბიზნესთან
გარიგებისა იქ არ ყოფილა, ხეების მოჩეხვისთვის. ფაქტია, რომ
გარემოსდაცვითი გამოწვევების ამ მძიმე და კრიტიკულ დროს, თავხედობა
ყოფნის ხელისუფლებას, რომ მწვანე სექტორებს ანადგურებს. ფაქტია ისიც,
რომ ხეები იმ დროს იჩეხებოდა ქუთაისში, როცა სტიქია დაატყდა რაჭას
თავს“- ამბობს ა/ო „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელი
თორნიკე ბარათაშვილი.
მისივე თქმით, ფერდის მდგრადობა, რომელზეც ხელისუფლებამ საუკუნის
გამწვანება გაანადგურა და ეროზიისთვის გაწირა, ახლა ეჭვის ქვეშ
დგება.
ორგანიზაციაში აუქციონის შეწყვეტას და კედრების შესაბამისი ხარისხის
მცენარეებით ჩანაცვლებას ითხოვენ.
უნიკალური ჯიშის ხეების გაჩეხვასა და ტერიტორიის გაყიდვასთან
დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, სახელმწიფოს
ქონების ეროვნული სააგენტოს „აქტივების მართვისა და განვითარების
კომპანიაში“ კი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 30-მდე კედრის ხე მოჭრეს,
დამუშავებული მასალის ნაწილი კი ახლადაშენებული სასტუმროს "ქუთაისი
ინნ"-ის ეზოშია დაწყობილი.
ამავე თემაზე:
"ეს არის ვერაგული აქტი, მოჭრილია 25-ზე მეტი კედარი"
- ქუთაისში, მწვანე სექტორი განადგურებულია
მასალის გამოყენების პირობები