რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მოქალაქეები
გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
საუბარია ზესტაფონის სოფელ ფუთთან გვირაბის გაყვანის თაობაზე.
ადგილობრივების განმარტებით, სამუშაოების პარალელურად ვიბრაციები
იმდენად ინტენსიური და მძლავრია, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
ამბობენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებს ნგრევის საფრთხე შეექმნა,
ამიტომ მუდმივად შიშში უწევთ ცხოვრება.
„ჩვენ ვცხოვრობთ ორი გიგანტური გვირაბის თავზე. კატასტროფულია
უკვე აქ ცხოვრება. ყოველდღიურად მიმდინარეობს ძლიერი აფეთქებები.
ბიძგი არის ძალიან ძლიერი და ვერაფერს ვხდებით.
დაახლოებით სამი წელია, ვითხოვთ დახმარებას. უამრავ სტრუქტურაში ვართ
ნამყოფი, ბევრი თანამდებობის პირისთვის გვაქვს მიმართული, არის
უბრალოდ ზედაპირული დაპირებები და დამშვიდებები, სხვა
არაფერი“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოქალაქეები მთავრობის მხრიდან გულგრილობასა და უყურადღებობაზე
საუბრობენ.
„რამდენიმე დღის წინ, ჩემს სახლში ჭერიდან ჩამოვარდა ბათქაში.
ბავშვები საძინებელში ვერ შემყავს და ვერ ვაჩერებ იმის შიშით, რომ
თავზე რაღაც დაგვეცემაო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“,-
აღნიშნავს ადგილობრივი ლელა მანაგაძე.
„თითოეული დღე ჯოჯოხეთად გვექცა. გვეშინია, სახლი თავზე არ
ჩამოგვენგრეს. მივმართეთ როგორც საგზაო დეპარტამენტს, ისე ადგილობრივ
ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი არაფერია“,- განმარტავს
მოქალაქე ლანა გვალია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებების გამო
დაგნრეულ სახლებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელს ირაკლი ქარსელაძეს
ეკისრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას თქმით, საჩივარი უკვე
მოამზადეს და გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას
მიმართვენ.
"საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა
კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრია. მათი სახლების ქვეშ
გაიყვანეს გვირაბები და არის ნგრევის საფრთხე. ამიტომ, ჩვენ
მოვამზადეთ საჩივარი, მოვაწერთ ხელს ამ საჩივარს ჩვენს
თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც აქვს კონკრეტული საფრთხე და მოვითხოვთ
გამოძიების დაწყებას ამ კორუფციაზე, გულგრილობაზე. ვითხოვთ,
გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების
წინააღმდეგ",- განმარტა ლაშა ფარულავამ.
ბრალდებებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა
განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საცხოვრებელი სახლების
ტექნიკური მდგომარეობა შეამოწმა, თუმცა არცერთ სახლზე არ დადგინდა
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა. დეპარტამენტში
ამტკიცებენ, რომ კვლევები 2022 და 2023 წლებში ჩატარდა და ვიბრაციის
მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც მინიმალური იყო.
რიკოთის გზა რომ უსაფრთხოა, ამას არაერთი ბრალდებისა და ლეგიტიმური
კითხვების ფონზე, ამტკიცებს ინფრასტრუქტურის მინისტრი. არადა, გზების
დეპარტამენტმა, 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების
გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით, რიკოთის უღელტეხილზე
მოძრაობა აკრძალა. მას შემდეგ რიკოთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის
მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
მასალის გამოყენების პირობები