საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე
კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი
მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 57.4 %-ით მეტია
წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4% 31-50 წლის მოგზაურების მიერ
განხორციელდა.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ
განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც
ასევე 58.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო
ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1%-ით აღემატება
წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გარდა ამისა, საანგარიშო
პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის
ვიზიტი განხორციელდა, რაც 44.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელზე.
უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 73.5% მხოლოდ
ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 22.6% შეადგინა, ხოლო
ვიზიტორების 3.9% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.
2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8
ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის
24.0%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი
წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის II
კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5%) დასვენების, გართობისა და
რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა
თბილისსა და აჭარის ა/რ-ში იყო (709.3 ათასი და 661.8 ათასი
ვიზიტი).
2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების
საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალში
დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 22.3%-ით ნაკლებია. ამასთან,
განხორციელებული ვიზიტების 73.9 % განმეორებითი ხასიათის ვიზიტს
წარმოადგენდა.
რაც შეეხება 2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას
გაწეულ ხარჯებს, ის 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 49.1%-ით მეტია
წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი
2022 წლის II კვარტალთან შედარებით 6.%-ით შემცირდა და 2 292.0 ლარი
შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები