„ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის
არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი“, წერია განცხადებაში
რომელიც მწერალთა სახლის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მწერალთა სახლი ეწინააღმდეგება კულტურის სამინისტროს მიერ
ახალი დირექტორის პირდაპირ დანიშვნას და მის არჩევას ითხოვს.
მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების
ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა.საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა
წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნა ქეთევან დუმბაძე
"ქართული ოცნების" წევრი, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის
ერთ-ერთი ხელმომწერი და მხარდამჭერი.
დუმბაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა განცხადების ავტორების მხრიდან
მიიჩნევა როგორც საფრთხე თავისუფალი და უცენზურო მართვის მიმართ.
ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ყოფილ დირექტორს ნატა ლომოურს.
"საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო
მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული
მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ
ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი
უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ
ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და
მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის
შედეგი.
ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური
დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა,
სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი
ბენეფიციარების – მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი
მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს
მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი.
მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა
ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო
მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ
ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის
მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა
აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ", — აცხადებს
მწერალთა სახლი.
მასალის გამოყენების პირობები