ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და
სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საპროექტო
დოკუმენტაციას კომპანია "აბსოლუტ სერვისი" მოამზადებს.
ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
კომპანია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ტენდერში
გამარჯვებულად უკვე გამოცხადდა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების
პროცედურა მიმდინარეობს. ხელშეკრულების ღირებულება 2 711
864 ლარია.
სააგენტოს ინფორმაციით "აბსოლუტ სერვისი" ბაზარზე 2008 წლიდან
ოპერირებს.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს გზების, ხიდების, გვირაბების,
აეროდრომების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის
პროექტირების სფეროს.
სატენდერო წინადადების მიხედვით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი,
სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდება E კოდით
აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ
747-400-800 ტიპის ხომალდებს. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია
უკვე არსებული სამიმოსვლო ბილიკების თჭY-A დ ა თჭY-B რეკონსტრუქცია,
მათი მოდიფიცირება და E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის
მორგება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდება ახალი
სამიმოსვლო ბილიკი.
გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ასაფრენის ზოლის ასაშენებლად
დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში
უნდა მოახდინოს.
ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის
შემუშავებულ დოკუმენტში - "ხედვა 2030 საქართველოს განვითარების
სტრატეგიაშიც" არის გათვალისწინებული. ის ქუთაისში წლების წინ
დაპირებული, თუმცა ამ დრომდე შეუსრულებელ სატვირთო ტერმინალის
მშენებლობასაც ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო
გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის
აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. დოკუმენტში წერია, რომ "2023
წელს იგეგმება ახალი, 3,200-3,500-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის
და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა".
"აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით
ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. წიდე ბოდყ) საჰაერო ხომალდებმა, რაც
შორი მანძილიდან ახალი ავიამიმართულებების დამატების ერთ-ერთი
ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთანავე, ახალი ზოლის მშენებლობა ხელს
შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის
განვითარების შესაძლებლობას", - ნათქვამია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები