ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა
მოამზადეს რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც
2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე ევროკავშირის კანდიდატის
სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ასახავს.
დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც ხელისუფლებამ კანდიდატის
სტატუსის მინიჭებისთვის უნდა გადადგას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ
პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად
შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და
ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია
და დეპოლარიზაცია).
"პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე
პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის
მიმართულებებით.
პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ
კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ
სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.
სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო
საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.
ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული
შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა
პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები
აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის
შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის
გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის
ურყევი არჩევანია"- ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას დოკუმენტში აფასებენ:
ღია საზოგადოების ფონდი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
სასამართლოს გუშაგი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის
ფონდი;
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის, საფარი;
დოკუმენტი სრულად ნახეთ
აქ
მასალის გამოყენების პირობები