საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 28 ივლისს შეწყალებულთა 11 პირს შორის
ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები არიან.
ისინი 2021 წლის აპრილში, გუმათში, ნამახვანჰესის მშენებლობის
საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
ძმებ ჭელიძეებს ოპოზიციაში პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ,
იმართებოდა აქციებიც მათი გათავისუფლების მოთხოვნით.
"ჩვენ ვარაუდის დონეზე დაგვიჭირეს. დღეს მოვიდა უსაფრთხოების
უფროსი და მეუბნება შეგიწყალა პრეზიდენტმაო, ძალიან გამიხარდა. მოკლედ
ვიტყვი, ბიჭებო, ძმებო, გამაგრდით, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს
უსამართლობა დავასრულო. წავიდეს ეს
უსამართლო მთავრობა, იქნება ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. 2
წელიწადსა და 4 თვეს ამათ არ შევარჩენ და არც ჩემი ძმების
ცრემლებს", - განაცხადა „ფორმულასთან“ თამაზ ჭელიძემ.
ამავე საქმეზე არიან დაკავებულები ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები,
ელდარ ანთაძე, გელა და ირაკლი ჭელიძეებიც, რომლებიც პენიტენციურ
დაწესებულებაში რჩებიან.
შსს-ს ვერსიით, დაკავებულმა პირებმა, 12 აპრილს, გუმათჰესის
დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე
საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე
მყოფ სამ პირს და დააზიანეს ერთ-ერთის ავტომანქანა.
ჭელიძეებსა და წულუკიძეებს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და
მასში მონაწილეობისთვის წარედგინათ.
25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ
წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებსა და
მათ ბიძაშვილებს კი - 4 წელი.
დაკავებულები ბრალს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ყველაფერი
წინასწარ დაგეგმილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები