სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიის შიდა
აუდიტის სამსახურს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში
აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის
ადვოკატები წარმოადგენდნენ.
საუბარია სამტრედიის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგისა
და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მყოფ მოქალაქეზე,
რომელიც დაწესებულებაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან
გათავისუფლეს.
მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი
იყო ღიად დაფიქსირებული პოზიცია ამავე უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის
წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე.
მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა მისი გათავისუფლების შესახებ
მიღებული ბრძანება, მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და
იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელე ასევე ითხოვდა
დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასა და მორალური ზიანის
ანაზღაურებას.
„საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების
საფუძველზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,
რომელიც ამ დროისთვის არ არის კანონიერ ძალაში შესული, ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია
მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მოპასუხე უწყებას
დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა და
მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება“,- აღნიშნულია საიას
განცხადენაში.
მასალის გამოყენების პირობები