თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენისა და ხაშური-ზეატაფონის
მატარებლის შუადღის რეისების დამატების თაობაზე სოციალურ ქსელში
პეტიცია შეიქმნა.
მისი ავტორი სტუდენტი სანდრო კვინიკაძეა.
პეტიციას ხელს ყველა ის მოქალაქე აწერს, რომელსაც ხარაგაულის
მუნიციპალიტეტში საქართველოს რკინიგზის მიერ წარმოებულ ფართო გზის
მშენებლობასთან დაკავშირებით, კომუნიკაციის პრობლემა ექმნება.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით
გამოირჩევა. რაიონზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო
გზა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია.
ხარაგაულის რაიონი 2 საუკუნეა მნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს,
როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო მიზნების უზრუნველსაყოფად და
ატარებს მნიშვნელოვან ტრანსპორტს. დღეს კი, ჩვენი ბუნების ფაქტობრივი
განადგურების ხარჯზე, საქართველოს რკინიგზა აწარმოებს ფართო გზის
მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ეს ცვლის რაიონის ბუნებრივ
იერსახეს. ბუნებრივია, მით უმეტეს, ამ პირობების გათვალისწინებით,
ადგილობრივებს აქვთ პრეტენზია, კომფორტულად სარგებლობდნენ რკინიგზით
და არ ექმნებოდეთ კომუნიკაციის პრობლემა.
ვაჟღერებ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და
მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან
მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან
დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის
რეისების დამატების თაობაზე“,- წერია პეტიციაში.
პეტიციას, რომელიც 5 ივლისს შეიქმნა, ხელს 631 ადამიანი აწერს. სულ 1
000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.
მასალის გამოყენების პირობები