ქუთაისში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები, გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში
მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ამ ცვლილებას
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.
კონტროლი 4 სექტემბრიდან, ქუთაისის გარდა, კიდევ სამ ქალაქში
განხორციელდება: თბილისში, ბათუმსა და რუსთავში.
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების
დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.
დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით,
განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების
შემთხვევაში - 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით
დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, ხოლო დამატებითი
განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება
სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით
მომზადდა. ცვლილება სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას
მკვეთრად შეამცირებს.
მასალის გამოყენების პირობები