მშენებლობაზე, საწარმოო შემთხვევის გამო გარდაცვლილი პირის
არასრულწლოვანი შვილი სარჩოს მიიღებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
საუბარია 2017 წლის 27 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა,
მშენებლობაზე მუშაობის დროს, მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდნა და
ადგილზე გარდაიცვალა.
შვილმა მამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ძლიერი სულიერი ტრავმის
მიღებასთან ერთად, მარჩენალიც დაკარგა.
ბავშვის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია იცავდა, რომელიც კომპანიის მხრიდან საწარმოო ტრავმის
შედეგად მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, სარჩოს
დაკისრებას ითხოვდა.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი
და მოპასუხე კომპანიას ბავშვის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური
სარჩოს გადახდა სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების ასაკს
მიღწევამდე.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო
სასამართლოების გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო
წესით. საკასაციო სასამართლოს განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო
საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შედეგად ძალაში დარჩა ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპანიას მოუწევს
ბავშვისთვის სარჩოს გადახდა“, - აღნიშნულია საია-ს
განცხადებაში.
საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის
ფილიალის ადვოკატი მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები