ხონში, მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინია
გამოცხადებული.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საკარანტინო
პერიოდში ყველა ამთვისებელი ცხოველის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ცოფის შემთხვევაა (ძაღლში) დაფიქსირებული აბაშაშიც, სოფელ მარანში.
ამიტომ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციები სამტრედიის რამდენიმე
ქუჩაზეც ტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს
სიფრთხილე, ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს. საჭიროების შემთხვევაში,
დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ
ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოებს.
აღსანიშნავია, რომ ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის
შეცვლა: მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა, უარს ამბობს საკვებსა
და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს
(საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება
ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხდება ხრინწიანი.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება
თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი
(ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი,
მელა, ტურა, მგელი და სხვა). ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა
ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით
დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის
შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის
ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის
ნერწყვის მოხვედრით.
მასალის გამოყენების პირობები