მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხის მოლოდინში არიან.
გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები
გუშინ, გვიან ღამით, გაიმართა და მხარეებს შორის შეთანხმება შედგა,
თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვიერი.
როგორც მაღაროელები განმარტავენ, მათ მიერ წამოყენებული 14
მოთხოვნიდან „ჯორჯიან მანგანეზი“ 13-ს დააკმაყოფილებს, რაც შეეხება
ხელფასების 20%-ით მომატების მოთხოვნას, კომპანია მათ 12%-ით გაზრდას
სთავაზობს.
მაღაროელების თქმით, თუ ეს შეთანხმება წერილობით გაფორმდება, აქციებს
დაასრულებენ და მუშაობას განაახლებენ. ამასთან, პარალელურად, „ჯორჯიან
მანგანეზში“ აუდიტის სამსახური კომპანიის ფინანსური მდგომარეობის
შესასწავლად შევა და იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი არ დადასტურდება,
გაფიცულები ხელფასის 20%-ით გაზრდას ისევ მოითხოვენ.
„მოთხოვნილი 14 პუნქტიდან 13 კმაყოფილდება 100%-ით, რაც შეეხება
ფინანსურ საკითხს, ხელფასის მატებას, როგორც კომპანია ამბობს, უჭირთ.
თუ მართლაც ასეა, რა თქმა უნდა, კომპანიას ვერ გავაჩერებთ ჩვენი
მოთხოვნილი 8%-სთვის. ეს არც ქალაქს აწყობს და არც თითოეულ მოსახლეს,
მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ კომპანიას აქვს მეტის შესაძლებლობა, მეტი
პროცენტობით ხელფასის გაზრდის, მოგვემატება ისევ ხელფასი დასკვნის
შემდეგ“- განმარტა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
„ვართ პასუხის მოლოდინში. შემოთავაზებაა 12 პროცენტი, არიან ბიჭები
შესულები კიდევ რაღაცების გასარკვევად, დეტალურად რომ გავიაროთ ჩვენი
მოთხოვნები. რამდენად დაგვაკმაყოფილებენ იტყვიან, დაგვირეკავენ,
შევთანხმდებით და სავარაუდოდ, მოეწერება ხელი. იმ შემთხვევაში თუ
შეთანხმება არ შედგება, ისევ გავაგრძელებთ პროტესტს და შიმშილობას“,-
განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
ჭიათურაში გაფიცვის მე-19 და შიმშილობის 13-ე დღეა. პარალელურად, მე-6
დღეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ჭიათურიდან ჩამოსული
მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები