25 ივნისს, მაღაროელების მიერ თბილისში დაანონსებულ საპროტესტო აქციას
სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან.
როგორც მსვლელობის
ორგანიზატორები ამბობენ, ისინი 18:00 საათზე,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, გაფიცული
მაღაროელების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან, 19:00 საათზე კი, ერთიანი
მსვლელობით პარლამენტთან, მათ პროტესტს შეურთდებიან.
„მაღაროლები უკვე ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ სამუშაო ადგილზე
ღირსების შემლახავ, სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებს,
დამამცირებლად მცირე ხელფასს და კომპანიის მხრიდან ქალაქის და მისი
მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ განადგურებას.
ისინი მთელი ეს დროა შიმშილობენ, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა საფრთხეშია, მაღაროლემა გიორგი კუპატაძემ თვალები,
მაღაროელმა მალხაზ სარალიძემ კი - პირი ამოიკერა. თუკი ისინი მთელი
ცხოვრება მუშაობენ მაღაროში, საიდანაც ცოცხალი გამოვლენ თუ არა არ
იციან, ახლა ისინი აპროტესტებენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ
სიცოცხლეს, რათა ხელისუფლებამ და ხალხმა მათი ხმა გაიგოს! მათი მთელი
ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაა.
დღეს ქვეყნის სათავეშია ხალხის მოღალატე გამყიდველი სამთავრობო ელიტა,
რომელიც მწვანე შუქს უნთებს კომპანიებს და უფლებას აძლევს მათ ძარცვონ
მშრომელები და მიწასთან გაასწორონ ჩვენი სოფლები.
ჭიათურელ მაღაროელებს ჩვენი, სტუდენტების და ზოგადად, მთელი ქვეყნის
მხარდაჭერა სჭირდებათ!
ერთიანი ბრძოლით შევძლებთ შევეწინააღმდეგოთ მჩაგვრელ სისტემას!“-
წერენ ორგანიზატორები.
მაღაროელებმა ხვალ, 25 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ
საპროტესტო
აქცია დაანონსეს.
დღეს მათი გაფიცვის მე-19 და შიმშილობის 13-ე დღეა. პარალელურად, მე-6
დღეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ჭიათურიდან ჩამოსული
მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა
და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები