ახალი ამბები
„2 თვის ხელფასი გვაქვს აუღებელი" - ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი
FaceBook
ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. 

"ამბიკონ სტილსში“ დასაქმებულმა მუშებმა განაცხადეს, რომ საწარმო მოულოდნელად დაიხურა, ადმინისტრაციამ კი მათ კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა.

„მაისის თვის დასაწყისში იყო შრომის ინსპექცია შემოსული. რამდენიმე თანამშრომელს გაესაუბრა, ხომ არ ირღვეოდა ჩვენი უფლებები. საწარმოს მისცეს მითითებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შემდეგ მოხდა ქარხნის გაჩერება. უსაფრთხოება ნამდვილად უნდა იყოს დაცული ყველა მოქალაქის, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ დაუკითხავად, ყველანაირი წინაგაფრთხილების გარეშე მოხდა თითოეული თანამშრომლის, 300-მდე ადამიანის გათავისუფლება“, - განმარტავს ერთ-ერთი მუშა.

„2 თვის ხელფასი გვაქვს აუღებელი. იძახიან დღეს ხვალ, დღეს ხვალო, არადა ბანკებზე ვართ დამოკიდებული. გამოგვიკეტეს კარები, დაგვიწერეს ბრძანება, დათხოვილები ხართ, სამსახურში არ მოხვიდეთო. კარებსაც არ გვიღებენ, შიგნით რომ შევიდეთ და გავიგოთ რა ხდება“, - ამბობს ქარხანაში დასაქმებული.

თანამშრომლების პროტესტთან დაკავშირებით, კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ „ამბიკონ სტილს" მეტალურგიული წარმოების უფლება შრომის ინსპექციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შეჩერებული აქვს, რის გამოც, ხელფასების დროულად დარიცხვა ვერ მოხერხდა. ამბობენ იმასაც, რომ მათთან დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულება დროებით აქვთ შეჩერებული. 

"შრომის პირობების კუთხით ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მოგვეცემა მუშაობის გაგრძელების უფლება მათი მხრიდან (შრომის ინსპექციის). გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებითაც ვმუშაობთ და ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება პროტესტს, ხელშეკრულების მიხედვით, 15 ივნისს უნდა ჩარიცხულიყო ხელფასები. საწარმოს შეჩერების გამო ვერ მოხერხდა თანხების მობილიზება დროულად და დაგვიანდა ხელფასი, რომელსაც აუცილებლად ჩავრიცხავთ. გეტყვით იმასაც, რომ ისინი გათავისუფლებულები არ არიან, დროებით შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულება, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მუშაობაც შეჩერებულია“, - აცხადებენ „ამბიკონ სტილსის“ პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ქარხანას, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, მუშაობა გასული წლის ივლისშიც შეუჩერდა. მაშინ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ კომპანია საქმიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით (რაც საფრთხეს უქმნის გარემოს) ახორციელებდა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამ მოტივით მიიღეს.

ამჯერად, რა მიზეზების გამო შეუჩერდა ქარხანას საქმიანობის განხორციელების უფლება, ამაზე არც დეპარტამენტში გვპასუხობენ და არც თავად საწარმოს პრესცენტრში. "ამბიკოს სტილსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ მათ მუშაობის უფლება "გამოვლენილი დარღვევების შედეგად" შეუჩერეს, თუმცა კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი, ამაზე არ საუბრობენ.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში ინდურმა კომპანია შპს "ამბიკონ სტილსმა" აიღო. ქარხანაში პრობლემები იყო სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც, რაზეც ხშირად საუბრობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.

ამავე თემაზე:

"დავრჩით უმუშევრები" - ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.