საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთელ პერიმეტრზე წყლის ხარისხის
გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ.
მისი განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით, წყლის
ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
„შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად
აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები
მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და
ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და
ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა
ფენაში.
ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად,
გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ
ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული
ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება
სპეციფიკური დამაბინძურებლები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების
მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია", -
ვკითხულობთ განცხადებაში.
შავ ზღვაში წყლის ხარისხის შესახებ შეკითხვები ბოლო დღეების
განმავლობაში აქტიურად ისმის.
უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის
კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული,
6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს,
რუსეთი კი, პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.
კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური
კატასტროფა. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის
გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის
სუფთა წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის წინაშე.
მასალის გამოყენების პირობები