მაღაროელების პროტესტი ჭიათურის პარალელურად, თბილისშიც გრძელდება.
აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფება და
პარლამენტთან აქციას მართავს.
მათ, სოლიდარობის ნიშნად, სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც მთავრობამ, 13 დღის
მანძილზე, არ მოისმინა მათი პროტესტი, გადაწყვიტეს, უფრო ახლოს
მოსულიყვნენ სახელისუფლებლო სტრუქტურებთან და საკანონმდებლო ორგანოს
წინ აქცია გაემართათ.
„ჩამოვედით აქ იმიტომ, რომ კომპანიამ სამუშაო მოგვიმატა და
ხელფასები დაგვაკლო, ასე არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ვბრძოლობთ
იმისათვის, რომ ოჯახში მივიტანოთ ლუკმა-პური. იქნებ მთავრობამ მაინც
მოგვაქციოს ყურადღება. მე-14 დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და
რეალურად არაფერი არ სრულდება. ამ დროს ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს
განსაკუთრებულს“,- განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ
დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.
ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი მე-14 დღეა გაფიცულია. 10 მათგანი
მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის
ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი
გაფიცულმა პირი ამოიკერა.
ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და
შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.
რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიციას, კომპანიაში, რამდენიმე
საათის წინ,
პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ
„მანგანეზი“ წლებია ზარალიანია და ამ ფონზე თანამშრომლების მხრიდან
ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია. ისინი გაფიცულებს
სთავაზობენ, გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს ფინანსური
დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.
ფოტოები: გვერდი "მაღაროელი"
ამავე თემაზე:
"ხელფასის მომატება ალოგიკურია" - "ჯორჯიან
მანგანეზი“ გაფიცულების მოთხოვნაზე
მასალის გამოყენების პირობები