კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ
მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება
მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და
ბენეფიტები.
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია
გამოხატავს მზაობას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას
გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც
შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის
მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანია ე.წ
ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე
შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე
დაბრუნებისა. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი,
განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც
იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები
და ბენეფიტები. შესაბამისად, კომპანია გამოხატავს მზაობას მედიაციის
პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე
გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
ასევე, კომპანია სთავაზობს „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა თანამშრომელს,
მათ, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები
და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს, ხოლო
მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის
დასრულებამდე, მათთვის სპეციალური სამუშაო რეჟიმი პირველ აგვისტომდე
გაახანგრძლივოს და აანაზღაუროს ხელფასის 60 პროცენტი“,- აღნიშნულია
განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მიმდინარე წლის
თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური
კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, ჭიათურაში მანგანუმის
მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა
დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა, 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60
პროცენტს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.
„მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისს
კომპანიამ ე.წ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი
სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა
და ჭიათურის 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო.
უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით
მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა.
შეცვლილი სამუშო პირობა გულისხმობს ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო
პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა.
უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და
სამუშაო საათები. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და
თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა“, –
ნათქვამია განცხადებაში.
ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი მეათე თვეა გაფიცულია. მათ ქალაქის
მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ. ამასთან,
პროტესტის ნიშნად, 10 გაფიცული მეოთხე დღეა, შიმშილობს.
ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და
შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ. ადგილზე დღეს სახალხო დამცველიც
ჩავიდა.
ამავე თემაზე:
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება
მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს
ელოდებიან
„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო
დამცველი
მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის
ინსპექციის სამსახური ჩაერთო
მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის
ქუჩებში
მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე
ჭიათურაში
„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული
კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
მასალის გამოყენების პირობები