ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შშმ პირის მიმართ მუქარის ბრალდებით
დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 4 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ
ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შსს-ს ინფორმაციით, დგინდება, რომ შშმ პირების მიმართ შესაძლო
სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის
გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრა ლ.მ.-ს.
„ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან
შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული
იქნა ე.მ“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით
მიმდინარეობს.
შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის
ფაქტებზე გამოძიება ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები