მეორე დღეა, რაც ჭიათურაში ,,ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებული
მაღაროელები გაფიცულები არიან. ისინი ქალაქის ცენტრში, მერიასთან
არიან შეკრებილნი და აქციას მართავენ.
პროტესტის მონაწილეები ძველ სამუშაო გრაფიკს, ხელფასების მომატებას,
ბიულეტენის და შვებულების უფლებით სარგებლობის საშუალებას და ღირსეულ
შრომით გარემოს ითხოვენ.
„მეორე დღეა რაც ჭიათურაში მაღაროელების ახალი მღელვარება და
საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" და
სახელმწიფოს მიერ კომპანიაში დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა,
კიდევ ერთხელ მოატყუა მაღაროელები და მთელი ქალაქი. ისევ გაჩერებულია
მაღაროები და შახტები და გრძელდება მანგანუმის მხოლოდ ღია კარიერული
წესით მოპოვება.
გუშინდელი დღიდან მაღაროელების არაერთი მოთხოვნა გაჟღერდა, თუმცა
ცხადია რომ უმთავრესი მოთხოვნა არის მაღაროებში და შახტებში სამუშაო
პროცესის სრულად აღდგენა და მშრომელების ღირსეული დაბრუნება სამუშაო
ადგილებზე. მე მიყვარს ეს ქალაქი და ჩემი მთავარი ინტერესი არის
ჭიათურის, მისი სოფლების და იქ მცხოვრები ადამიანების ღირსეული
ცხოვრება. ის, რომ მაღაროელების ქალაქი არ გაქრეს და ჭიათურა არ
გახდეს კარიერების ქალაქი!“,- ამბობს "მომავლის ჭიათურის" თავმჯდომარე
ნოდარ ჩაჩანიძე.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურის დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა
BM.GE-სთან ისაუბრა, კომპანიას, 2023 წელს, ადგილობრივად წარმოებული
ფეროშენადნობები ექსპორტზე არ გაუტანია, ვინაიდან საერთაშორისო
ბაზარზე საქონელზე შემცირებული მოთხოვნა და დაბალი ფასებია.
კომპანიაში არსებული ვითარების ცვლილებას სექტემბრიდან ელიან, თუმცა
როგორ შეიცვლება მდგომარეობა, ვერ პროგნოზირებენ. შესაბამისად, ვერც
იმას ამბობენ, მოახერხებს თუ არა „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ დატვირთვით
ოპერირების გაგრძელებას მომავალში.
„დღეისთვის „ჯორჯიან მანგანეზი“ 70%-იანი დატვირთვით მუშაობს,
იმისთვის, რომ გადავიხადოთ ხელფასები, გვიწევს საკრედიტო რესურსების,
სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსების მობილიზება, შესაბამისად, მხოლოდ
კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი ხარჯების დაფარვა გვიხერხდება.
ზედმეტია საუბარი კაპიტალურ დანახარჯებსა და ინოვაციური პროექტების
განხორციელებაზე.
დღეისთვის ფეროშენადნობთა ქარხნის დატვირთვა თვეში 15-16 ათასი ტონაა.
ეს არის 2 სახის სილიკომანგანუმი, ასევე შეგვიძლია ფერომანგანუმის
წარმოება, თუმცა მოთხოვნის არ არსებობის ამ დასახელების საქონლის
წარმოებაზე გადართვას აზრი არ აქვს. საწარმოო ხაზების გაჩერება
აურაცხელ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და გვინდა ფასების პოტენციურ
ზრდას დიდი მარაგებით შევხვდეთ, ამიტომ სადაც ფიზიკურად შეგვეძლება,
წარმოებას გავაგრძელებთ“, - განმარტავს კომპანიის ფინანსური
დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზი“ 6 000 სამუშაო ადგილს ქმნის
და დასაქმებულთათვის სამუშაოს შენარჩუნება კომპანიისთვის ერთ-ერთი
მთავარი საზრუნავია, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ
წარმოება გაგრძელდეს.
„ზესტაფონის მიმართულებით თანამშრომლები სრული დატვირთვით მუშაობენ,
ჭიათურაში კი თანამშრომლები ხელფასის 60%-ს იღებენ, შენარჩუნებული
აქვთ სადაზღვევო პაკეტები, შეჩერებულია სახელფასო ავანსების დაქვითვა
და ბანკებთან შეძლებისდაგვარად ვშუამდგომლობთ სასესხო ვალდებულებების
გადავადებაზე.
რთულია იმის თქმა, რომ კომპანიამ თავისი სახსრებითა და საკრედიტო
ვალდებულებებით ოპერირების შენარჩუნებას მომავალშიც მოახერხებს, თუმცა
კომპანია მაქსიმუმს აკეთებს, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები
შეინარჩუნოს“, - აცხადებს გიორგი ტატიშვილი BM.GE-სთან.
თავის მხრივ დასაქმებულები ამბობენ, რომ თუ „ჯორჯიან მანგანეზი“ არ
დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, პროტესტი გაგრძელდება.
ფოტოები: გიორგი ნეფარიძე
მასალის გამოყენების პირობები