საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის
განახლებული სტადიონი გახსნა, რომელმაც უეფას 21 წლამდე ნაკრებთა
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განახლებულ სტადიონზე აღმასრულებელი,
საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ.
„ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - ეს არის 21
წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი. 21 ივნისს
საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის
სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს
ჩემპიონატი.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავე დროს
არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან
ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში,
ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს და თქვენ ნახეთ შესანიშნავი,
ახალი, სრულად განახლებული ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი,
რომელიც პრაქტიკულად ახლიდან ავაშენეთ. მოეწყო და რეალურად უეფას
სტანდარტების მიხედვით გაკეთდა ყველაფერი აქ", - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტადიონის მშენებლობისთვის მადლობა პრემიერმა ყველა ჩართულ უწყებას თუ
პირს გადაუხადა, თუმცა მადლობის ადრესატთა სიაში ვერ მოხვდნენ
სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი
პირები. ერთადერთი, ვისაც ადგილობრივი თვითმმართველობა
გაახსენდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
დავით მუჯირი იყო.
„არ შემიძლია გვერდი ავუარო ადგილობრივ თვითმმართველობებს,
ყველა იმ ქალაქს, რომლის მასპინძლობს ჩემპიონატს. ძალიან დიდი
ძალისხმევა გასწია ამ ადამიანებმა, იმისათვის რომ ჩვენ დროულად
ვუმასპინძლოთ და სამაგალითო მასპინძლები ვიყოთ“, - განაცხადა
დავით მუჯირმა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას სტანდარტების
შესაბამისად განახლდა. ფაქტობრივად, თავიდან აშენდა სტადიონის
ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვა სპორტული და
აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
ამასთან, სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარითა და
შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით.
მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და
უსაფრთხოების სისტემები. დამონტაჟდა სტადიონის სისტემა, გახმოვანებისა
და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედსარეკლამო
კედლები და სხვა.
სტადიონის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 35 მილიონი ლარი
დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები