ქუთაისში, ვიზიტად მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი მესიჯი
ამჯერადაც მშვიდობა იყო.
პრემიერმა ქალაქის სხვადასხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტის
დათვალიერებისას მშვიდობის მნიშვნელობას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი.
„ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მშვიდობა,
მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და
შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს და ეს
ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის და ჩვენი
სწორი პოლიტიკის დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამაზ
შენგელიას სახელობის სტადიონის გახსნაზე.
ამ სიტყვის პოლიტიკურად გამოყენება არ დავიწყებია არც დევნილებთან,
ბინების გადაცემის დროს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ საცხოვრებლის
მისაღებად შეკრებილ დევნილებს რიტორიკული კითხვა დაუსვა.
"რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი? ხომ არის თქვენი
დაბრუნება თქვენს სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მე მჯერა, ეს დღე
აუცილებლად დადგება, იმიტომ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა
გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან ყოველდღე".
პრემიერმა მედიასთან საუბრისას რამდენიმე პოლიტიკური განცხადება
გააკეთა. მათ შორის, მის ვიზიტზე მოლდოვაში, სადაც უკრაინის
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია,
მთავრობის მეთაურმა განაცხადა:
"იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ
ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან
მარტივად იყო ყველაფერი".
კითხვას - საშუალება რომ გქონოდათ რას იზამდით, უსურვებდით
წარმატებას? - პრემიერმა ასე უპასუხა: „მივესალმებოდი, მე საჯაროდ
მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის
დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას".
ღარიბაშვილმა ოპოზიციას "უსუსური", "გაკოტრებული"და "მარგინალიზებული
ძალა" უწოდა და განაცხადა, რომ ის 2024 წლის არჩევნებში დამარცხდება.
ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით კი თქვა, რომ მისი ოჯახი
დაფინანსებას რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს.
პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ თუ ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს
ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ, მისი
განახევრება, მინიმუმზე დაყვანა, კანდიდატის სტატუსი უნდა
მოგვცენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჯამში, დაახლოებით შვიდი, მიმდინარე თუ
მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა.
მათ შორის, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონი,
ოლიმპიური საცურაო აუზი, ფეხბურთის ფედერაციის აკადემია და
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ამასთან,
480 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.
ღარიბაშვილმა დაანონსა, რომ მთავრობა ახლა კიდევ უფრო მასშტაბურ
პროექტს - ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას
იწყებს.
ქუთაისის გარდა, პრემიერ-მინისტრი დღეს ვანსაც ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები