ქუთაისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია
საჯარო სკოლებში უფასო მუნიციპალური კვების ინიციატივით გამოდის.
დეპუტატი ამბობს, რომ სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, ბავშვები
მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენენ და მათ დიდ ნაწილს
ასაკის შესაბამისი კვების რაციონთან წვდომა არ აქვს. ამიტომ, არჩაია
საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, განათლების სამინისტროსთან
კოორდინაციით, ქალაქში უფასო კვების პროგრამა დანერგოს.
„მსგავსი პროგრამების მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა ვთვლით,
რომ ქუთაისისთვის ყველაზე ოპტიმალური სადილის ყუთის ე.წ “ლანჩბოქსის”
მოდელი იქნება. მერიის მიერ ტენდერის საშუალებით შერჩეული პირი
(პირები), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს, წლის
განმავლობაში სასწავლო დღეებში მიაწვდიან მოსწავლისთვის განკუთვნილ
ინდივიდუალურ სადილის ყუთებს, რომელთა შიგთავსის განსაზღვრა
ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების
გათვალისწინებით მოხდება“,- განმარტავს დეპუტატი.
მისივე თქმით, პროგრამით სარგებლობა უნდა შეეძლოს საჯარო სკოლების
დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეს, სოციალური სტატუსის
მიუხედავად.
ელეონორა არჩაია მიიჩნევს, რომ პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს
ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სოციალურად
დაუცველი მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფას.
„მესმის, რომ სასკოლო განათლების საფეხური მუნიციპალიტეტის
პრეროგატივას არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენს ბავშვებზე და მათ
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. დარწმუნებული ვარ,
არსებობს გზები განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, მოვახდინოთ
პროგრამის დანერგვა ჩვენს ქალაქში. მაქვს იმედი, რომ დაინტერესდებით
წამოყენებული ინიციატივით და დავიწყებთ პროგრამის საფუძვლიან
მომზადებას. მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი, ისე ქალაქის მერიის,
ცენტრალური ხელისუფლებისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
ორგანიზაციების ჩართულობა. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ
ჩვენი ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას“,- ამბობს
ელეონორა არჩაია.
დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ იდეის დაინიცირება
და კომისიებში განხილვა შესთავაზა.
იუნისეფისა და საქსტატის ერთობლივი 2023 წლის კვლევით დგინდება, რომ
ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სასკოლო საათების
პერიოდში. Მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO) ადასტურებს, რომ
დაბალანსებული კვება მოსწავლის ფიზიკური, მენტალური, ემოციური და
კოგნიტური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღეს, 160-ზე მეტ
ქვეყანაში მოსწავლეები სკოლაში უფასოდ იკვებებიან.
უფასო კვება სკოლაში - საქართველოში უკვე ორი წელია ამ იდეას
იწონებენ, თუმცა ის ჯერ არცერთ სკოლაში არ განუხორციელებიათ.
მასალის გამოყენების პირობები