ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა
ადგილობრივი მცხოვრების მანქანას ქვები დაუშინა.
დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ყვება, რომ შემთხვევის დროს მანქანაში
მისი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, მომხდარს წინ დიდი ხნის კონფლიქტი უძღვოდა. კერძოდ, მათ
შვილს, რომელიც როხის საჯარო სკოლაში სწავლობდა, დირექტორი
აბულინგებდა, რის გამოც, ბავშვმა თვითმკვლელობაც სცადა.
გოგიტა სანიკიძის განმარტებით, ყველა ინსტანციას მიმართეს, თუმცა
ვერაფერს გახდნენ და იძულებულები შეიქმნენ, შვილი სხვა სკოლაში
გადაეყვანათ.
„არაერთზის იყო ანალოგიური შემთხვევა, როცა სიტყვიერი მუქარა იყო,
ფიზიკური ძალადობის მცდელობაც, მაგრამ ვერიდებოდი, არ მინდოდა
გამემწვავებინა სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს დაიჭირა მომენტი, ბავშვის
მისამართით აიღო ქვა და ფაქტობრივად, ბავშვს ურტყამდა თავში.
ჩემი შვილი დააბულნგა მისმა მეუღლემ, ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი.
მინდა ვკითხო სამართალდამცველებს, მაინცდამაინც მკვლელობა უნდა
მოხდეს, რამე ზომები რომ მიიღოთ? მოვითხოვ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას“,
- ამბობს გოგიტა სანიკიძე.
„სახლისკენ მივდიოდით მანქანით, ჯერ შეგვაგინა და შემდეგ ქვები
დაგვიშინა უკნიდან, გადავეფარე ბავშვს, რომ არ მოხვედროდა“, - ამბობს
დაზარალებულის მეუღლე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო
მოქმედებები მიმდინარეობს.
"ქუთაისიპოსტი" ცდილობს ბრალდების მხარესთან დაკავშირებას და მათ
პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები