ვანში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი
ქმედების საქმეს სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, შეისწავლის.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, ამასთან,
საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ
მოწოდებს.
სახალხო დამცველის განმარტებით, აუცილებელია ყველა იმ პირის
იდენტიფიცირება, ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის
სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები.
„აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია იმ ბავშვის საჭიროებების
შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება, ვის
მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.
ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო
ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის
დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ
შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია“, - აღნიშნულია
ომბუდსმენის განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის
მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა
მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა
მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია
ჩაერთო.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც
მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ
საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი
უჭირთ არასრულწლოვნების ოჯახშიც.
საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთიდან ცხრა წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები