ქუთაისის მუხნარის ტყეში ტერიტორიის შესწავლა და რეკრეაციული
განვითარების გეგმის მომზადება იგეგმება.
ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ
განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად, ტყის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
„ქუთაისის მუხნარის ტყესთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ ტყის
აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმებს განვიხილავთ, არამედ ტერიტორიის
განვითარების იმ მოდელს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას,
ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. წელს დავიწყებთ ტერიტორიის შესწავლას,
მომზადდება რეკრეაციული განვითარების გეგმა, რაც კერძო სექტორის და
ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებისთვის დამატებითი სტიმული
იქნება”, - აღნიშნა კახა ცერცვაძემ.
ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა,
უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო
ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვანად დააზიანა,
თუმცა „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებები 2018
წლიდან მიმდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სანიტარიული ჭრების
პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების
ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის
ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები.
დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს.
დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი
ნუსხით“ დაცული იმერული მუხა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, პერიმეტრი სრულადაა შეღობილი და რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი
მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ ტერიტორიის მონიტორინგი
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები