ახალი ამბები
გელათში არსებულ ვითარებას იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სწავლობს
FaceBook

გელათის სამონასტრო კომპლექსს, საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით, იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს.


მისი განმარტებით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან და ისინი გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში რჩევებს გასცემენ.

სტივენ ჯეი კელის განცხადებით, პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია, მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე.

„უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო კვლევით ნაწილში იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი. ჩემი ამ პროექტში ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის მიერ და ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემენ საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი.

ჩემი აზრით, შესაძლებელია ვიმუშაო სამეცნიერო კომიტეტში და მართებული რჩევები გავცე შემდგომი ნაბიჯების და სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ ვიქნებით ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. მოუთმენლად ველი ამ მიმართულებით ჩემი მოვალეობების შესრულებას“, - განმარტა ექსპერტმა.

მისივე თქმით, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა, გადაიხუროს მონასტრის კათედრალი.

„თვალსაჩინოა და სამართლიანად თუ შევაფასებთ, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მონასტრის კათედრალი, სანამ უშუალოდ ფრესკებზე დაიწყება მუშაობა. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჯერ დროებით გადახურვას უნდა მიეხედოს, შემდეგ - დანარჩენ სხვას", - განაცხადა სტივენ ჯეი კელიმ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა.

სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში.

გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამ დროისთვის მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.

კულტურის სამინისტრომ გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო თუ სხვა საჭირო სამუშაოები საპატრიარქოს ოფიციალურად 7 აპრილის გადააბარა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.