გამოკითხული მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს
ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.
ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საზოგადოებრივი აზრის
2023 წლის მარტში ჩატარებულ კვლევის შედეგი.
"ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36%
მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს.
ახალგაზრდები (18-34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით
გამოირჩევიან.
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია
მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასეთია: 24% -
დიახ, 64% - არა, 9% - არ ვიცი, 2%- უარი პასუხზე.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 47% მიიჩნევს, რომ
„ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ
მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი 67% ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ
პარტიებზე.
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები
ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ
მოძრაობას“ – 5%, არცერთ პარტიას – 34%, არ ვიცი – 26%, სხვა
პარტიებს, ჯამში, 6%. კვლევა მიუთითებს, რომ პარტიების მხარდაჭერის
ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების
შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო
გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს, საშუალო
ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები