ქუთაისში, ხელოვნური საცოცი კედელი, რომელიც თვეებია მოწყობილია, ჯერ
კიდევ არ გახსნილა.
ამ სპორტის მოყვარულებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ კედელი გვირილობის
დღესასწაულისთვის მაინც გაიხსნებოდა, თუმცა არც "ქუთაისქალაქობა
2023"-სთვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალში
აღმოჩნდა.
"როგორ მეგონა რომ ორმაისობას საცოცი კედელიც გაიხსენებოდა",- ამბობს
მთამსვლელი გიგა შუბითიძე.
"12 წელი ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედლის გაკეთებას ველოდი. დიდი
ხანია სამუშაოები დასრულებულია, აქამდე არ გვქონდა კედელი, ახლა
გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როდის გაიხსნება", - განმარტავს მთამსვლელი
გიორგი ენუქიძე.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "TU-KA"-ს დირექტორი გაგა თოთაძე
ამბობს, რომ მერიამ დასრულებული ობიექტი უკვე ჩაიბარა.
2 მარტსაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე პროექტის
მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც წერია, რომ სამუშაოები გასული წლის
დეკემბერში დასრულდა.
როდის გაიხსნება ხელოვნური საცოცი კედელი და იქნება თუ არა ობიექტში
შესვლა ფასიანი, მერიის პრესსამსახურში კონკრეტული პასუხი არ
აქვთ.
"მაისში გაიხსნება, მოგიწვევთ და იქვე გეტყვით ყველა თქვენთვის
საინტერესო ინფორმაციას", - გვითხრეს მერიაში.
ჩვენი ინფორმაციით, მერია ობიექტის იჯარით გადაცემას გეგმავს. დიდი
ალბათობით, შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა რა ღირებულებით
განისაზღვრება, ჯერ უცნობია.
ხელოვნური საცოცი კედლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ოთხი
თვე მიმდინარეობდა, თუმცა მერია ახლა არკვევს ობიექტის გაიჯარების
საკითხს. შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყდება ობიექტში შესვლის
პირობებიც.
ქალაქში საცოცი კედლის მოწყობას მოყვარულები 12 წელია ითხოვდნენ. მისი
გაკეთება მხოლოდ საქართველო -ევროკავშირის ერთობლივი პროექტის
ფარგლებში მოხერხდა.
სახელმწიფო შესყიდვა (NAT220011131) მერიამ გამოაცხადა, რომლის
თავდაპირველი ღირებულება 674 463 ლარს შეადგენდა. მერიაში უკვე
დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილებები
შევიდა, მათ შორის, ფინანსურ ნაწილშიც. ამდენად, კედელზე ცოცვის
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის განსაზღვრული თანხა
67 134 ლარით გაიზარდა, რამაც საბოლოო ჯამში, 741 597 ლარი
შეადგინა.
ასეთი უნდა იყოს ხელოვნური საცოცი კედელი
მასალის გამოყენების პირობები