რიკოთზე საავტომობილო მოძრაობის თითქმის ერთთვიანი აკრძალვის შემდეგ,
კვლავ უცნობია, კონკრეტულად როდის გაიხსნება გზა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კონკრეტიკის
ნაცვლად მოლოდინებზე საუბრობს.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ რიკოთზე
გადაადგილების სპეციალური რეჟიმი ზაფხულის სეზონის დაწყებამდე
მოიხსნება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კილომეტრზე კვლევა-ძიების და
სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გაყვანილია
შესაბამისი გზები იმისთვის, რომ განხორციელდეს პრევენციის და საბოლოო
საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის
გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ
გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება.
„როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა
გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ
დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაცია
გაცემულ წინადადებებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ,
როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები,
რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის
გარეშე გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური
რეჟიმით 13 აპრილს აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები