საქართველოს წარმატებული ინტელექტუალური ახალგაზრდული შოუს, "წიგნების
თაროს" მე-13 სეზონის გამარჯვებული ანდრია რაზმაძის სახელობის
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
გამარჯვებული მოსწავლეები ფინალში მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის
მე-2 საჯარო სკოლის გუნდს ეჯიბრებოდნენ.
"წიგნების თაროს" დაძაბულ ფინალში ქუთაისის სკოლის მე-12დ კლასის
(დამრიგებელი მზია ჩეგიანი) მოსწავლეებმა ლუკა ლიკლიკაძემ, გიორგი
ჯუღელმა და მათე გიორბელიძემ წარმატებით ითამაშეს და გამარჯვებაც
მოიპოვეს.
"წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას
ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
„წიგნების თაროს” სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი
მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის
მოსწავლეა. სტუდენტურ სეზონში კი მთელი საქართველოს უმაღლესი
სასწავლებლების საუკეთესო 16 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.
თამაში სამი ეტაპისგან შედგება. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც
ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.
შოუ ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში გრძელდება (ოლიმპიური
სისტემით). პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით
და სხვადასხვა პრიზით საჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდები კი
დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.
მასალის გამოყენების პირობები