დღეს, გელათში მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფს ელოდებიან,
რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM-ის
რეკომენდაციის შესრულებას - ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების
შექმნას დაიწყებს.
აღნიშნული პირველი ღონისძიება იქნება, რომელსაც მონასტრის
გადასარჩენად საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნასაც
გეგმავს, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი
მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.
გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმაც. ამასთან,
საპატრიარქოს ცნობით, შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი
სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დეტალურ და სიღრმისეულ
კვლევებზე იქნება დაფუძნებული.
შეიქმნება გელათის სპეციალური ვებ-გვერდიც, სადაც საზოგადოებას ძეგლის
მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას
მიაწვდიან.
კულტურის სამინისტრომ გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო თუ სხვა
საჭირო სამუშაოები საპატრიარქოს მას შემდეგ გადააბარა, რაც უმწვავესი
დასკვნა გასაჯაროვდა. მხარეებს შორის
ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და
უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,
პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა,
პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები