რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა სპეციალური
რეჟიმის პირობებში დაუშვეს.
აღნიშნული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე
არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი
შედეგების ანალიზის საფუძველზე და სპეციალისტების რეკომენდაციით
მოხდა.
თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ,
რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი
მონიტორინგი.
შესაბამისად, დღეს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის
მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე შემდეგი რეჟიმით აღდგა.
„07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე
(ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და
სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან
მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები
გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით,
გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.
ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.
მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს“,-
აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება.
დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი.
პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი მიმდინარეობს მისასვლელი
გზების მოწყობა.
მასალის გამოყენების პირობები