მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM-ის
სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნას გეგმავს.
აღნიშნულ კომიტეტში „გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად“
ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები
ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.
გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმაც.
"გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ 2023 წლის 24 თებერვლის
შეთანხმების საფუძველზე, დღეს, საქართველოს საპატრიარქოსა და
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო,
სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს
საპატრიარქო განახორციელებს.
საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და
ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად(2022 წლის
28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში)
უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები
ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების
მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა.
შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო
დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ
კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა
ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის
გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის
სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის,
ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას,- ტაძრის
მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.
საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს სადაც
საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ
შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და
საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი
პატივისცემა",
- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და
უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,
პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა,
პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები