ქუთაისის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის მიერ მოსწავლის ფიზიკურად
შეხების ფაქტზე დაწყებული მოკვლევის დასრულებამდე, პედაგოგს
გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.
სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე განმარტავს, რომ მოსწავლესთან და
მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა არა
ცემას, არამედ ფიზიკურ შეხებას.
„გამოიკითხა მოსწავლე, განაცხადა, რომ მერხზე აკაკუნებდა საწერ
კალამს, რამაც გამოიწვია ხმაური. გაღიზიანდა მასწავლებელი, მივიდა,
წაართვა კალამი, დადო მაგიდაზე და მხარში მოქაჩა. იგივეს ადასტურებს
მასწავლებელიც. ამაზე მიდის კვლევა“, - ამბობს დიმიტრი ქარსელაძე.
მისივე თქმით, მომხარის შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მანდატურის სამსახური და პოლიცია.
ამასთან, საქმე გადაეცემა დისციპლინარულ კომიტეტს და შესაბამისი
გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
5 აპრილს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს,
რომ ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვს
ფიზიკურად ეხება.
მასალის გამოყენების პირობები