ახალი ამბები
"რემონტს ბოლო არ უჩანს" - რა ხდება ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობაში
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.

საუბარია N9 საჯარო სკოლაზე, რომლის 1 125 მოსწავლე წლებია ქალაქის ორ სხვადასხვა სკოლაშია გადანაწილებული.

"დაწყებითი საფეხური გვყავს მე-12 საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხური კი - მე-11-ში. ჩვენი სკოლის შენობა ძალიან ძველი იყო, ამიტომ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ წარმოიქმნა რეაბილიტაციის პროცესში, ამის აღმოფხვრას დრო დასჭირდა, თუმცა იმდენად მაღალხარისხიანად კეთდება ყველაფერი, არანაირი პრობლემის წინაშე აღარ დავდგებით და მომდევნო სასწავლო წლისთვის (სექტემბრისთვის), ძალიან კარგ და გარემონტებულ სკოლაში შევლენ ჩვენი მოსწავლეები“
, -  ამბობს მეცხრე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ქუთათელაძე. 



საჯარო სკოლის ხელმძღვანელისგან განსხვავებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლები.     

„წლებია, დავხეტიალობთ სხვადასხვა სკოლაში. ჩვენს შენობაში რემონტს ბოლო არ უჩანს. ყოველ წელს გვპირდებიან მალე დასრულდებაო, თუმცა არადა არ დამთავრდა“,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი ქეთი კვირკველია. 



საჯარო სკოლის შიდა ნაწილი, სადაც სარემონტო სამუშაოები მიდის



ქუთაისის N9 საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდსა და შპს „დამბას“ შორის ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გაფორმდა. კომპანიას სკოლის კეთილმოწყობა 2 მილიონ 971 000 ლარის სანაცვლოდ დაევალა, თუმცა, როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, სკოლის სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დაიწყო, ვინაიდან მანამდე შენობაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. ამას დაერთო პანდემია და მისგან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვებიც. 

მთავარი მიზეზი კი, რის გამოც სკოლის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, შენობის ერთ-ერთი ფრაგმენტის (რომელიც იყო შემდგომში ჩაშენებული და პრაქტიკულად არ გააჩნდა ფუნდამენტი) კედლის დეფორმაცია გახდა, ამიტომ მშენებლობა დროებით შეჩერდა.

2020 წლიდან დღემდე ყველაზე მთავარი სამუშაო, რაც მუშებმა გასწიეს, დაზიანებული კედლის ადგილზე პრაქტიკულად ახალი შენობის ჩადგმა იყო.

შპს "დამბას" დირექტორის გიორგი ჯაბიძის განმარტებით, ახლა ობიექტში მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაობია დარჩენილი.

„ეს შენობა დაახლოებით 107 წლისაა, გარედან არაფერი ეტყობოდა, თუმცა შიგნით საშინელი მდგომარეობა დაგვხვდა, ამის ამსახველი ფოტოებიც გვაქვს. ხელის მიდებაზეც კი იშლებოდა კედლები. კედლის უკანა ნაწილი საერთოდ ჩამოინგრა, ამიტომ თავიდან აშენდა ფუნდამენტიანად. ჩათვალეთ, რომ ახალი შენობა ჩავდგით. ამას უსაფრთხოების ნახაზები სჭირდება, მოლაპარაკება, შეთანხმებები და ამან ძალიან დიდი დრო წაიღო. ამასთან აქ იყო სპორტდარბაზი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით, დასანგრევი აღმოჩნდა (ავიღეთ ამის ცნობებიც). ახლაც ძალიან ფაქიზად ვმუშაობთ, თუმცა შენობა უკვე გამყარებულია. ძირითადი სამუშაოები შესრულებულია, მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები დარჩა, რომელიც დაახლოებით სამ თვეში დასრულდება“, - განმარტავს გიორგი ჯაბიძე.

სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის 15 ივლისს უნდა დასრულდეს. 

ქალაქში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 12 საჯარო სკოლის შენობა კეთილმოაწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.