ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის
საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ზემოთხსენებულ სოფლებში ცოფის 2️ შემთხვევა- ძაღლსა და მსხვილფეხა
პირუტყვში ლაბორატორიულად დადასტურდა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული
სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების
გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და
სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. აცრები ალპანის
თემშიც მიმდინარეობს.
ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს,
რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას
გულისხმობს. აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
კარანტინის პერიოდი შემთხვევის დადასტურებიდან განისაზღვრება და
ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო
ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ მოქმედებს.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, სპეციალისტების რეკომენდაციით,
მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს. საჭიროების
შემთხვევაში, დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს
რეგიონულ სამმართველოს (ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა #17).
ძაღლზე ცოფის შემთხვევები დადასტურებულია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც, სადაც
ბოლო ცნობით, 8 შემთხვევა ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები