რიკოთის საუღელტეხილო გზის ერთ-ერთ ფერდზე, 4 დღის წინ განვითარებული
მეწყერული პროცესის გამო, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა
კვლავ აკრძალულია.
ამ ეტაპზე როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპეციალისტების მიერ
ფერდის კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს, რომლის დასრულების
შემდეგაც შეფასდება მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები.
აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ
გიორგი წერეთელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული
გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში ფერდზე, თოვლის დნობის
შემდგომ დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც
ზრდისა და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის
საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ,
პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან
აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძრაობის დროებით
შეზღუდვის შესახებ. მიმდინარეობს ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და
გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება,
ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის
აღდგენის შესაძლებლობები“, – განმარტა წერეთელმა.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სატრანსპორტო ნაკადებისათვის
მოძრაობა დროულად აღდგეს.
რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 30
მარტიდან აიკრძალა. სატრანსპორტო მოძრაობა ამ ეტაპზე გომი-საჩხერე
-ჭიათურის (109 კმ-იანი გზა) მიმართულებით არის გადართული.
მასალის გამოყენების პირობები